lampari lodo
"lamparis" debuleba

მუხლი 1.ზოგადი დებულებები


1. შპს „ლამპარი“ (შემდგომში - სკოლა) არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

2. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტების, შპს „ლამპარი“-ს წესდების, შინაგანაწესის, ამ დებულების და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

3. სკოლა საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2012 წლის 26 აპრილის №153 გადაწყვეტილების თანახმად.

4. სკოლის ურთიერთობები თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებითა და სკოლის შინაგანაწესით.

5. სკოლა საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩლედ და მოპასუხედ.

6. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და კერძო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

7. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, კალოუბნის ქ.10.
ტელ.: 2 455708, ვებ-გვერდი:www.ltdlampari.ge ელ.ფოსტა: lamparitamari@yahoo.com.


მუხლი 2. მიზნები,ფუნქციები და საქმიანობის საგანი


1.სკოლის მიზანია:

ა) უზრუნველყოს ხარისხიანი ზოგადი განათლების მიცემა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;

ბ) დაეხმაროს მოსწავლეებს ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, ანალიზის, მსჯელობის უნარის და კრიტიკული აზროვების განვითარებაში.

გ) ხელი შეუწყოს მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებას;

დ) აღზარდოს ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე მოქალაქე.

2. დასახული მიზნების მისაღწევად სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს:

  - სასკოლო-სასწავლო გეგმას;

  - საგანმანათლებლო პროგრამებს;

  - სკოლის საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მეთოდებსა და ფორმებს;

  - სკოლის შიდა-სამართლებრივ აქტებს (სკოლის შინაგანაწესს, წინამდებარე დებულებას და სხვ.).


მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა და მართვა


1. სკოლის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონით ”მეწარემეთა შესახებ”, ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, სკოლის შინაგანაწესით, ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სკოლის მართვის ორგანოებია: დამფუძნებელი, სკოლის დირექტორი, სკოლის დირექცია, პედაგოგიური საბჭო, საგნობრივი კათედრები და მოსწავლეთა თვითმმართველობა.

მუხლი 4. სკოლის დირექცია


1. სკოლის დირექციაში შედის: სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, სკოლის დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში, ხარისხის მართვის მენეჯერი, საქმისმწარმოებელი, ფინანსური მენეჯერი, ექთანი, IT მენეჯერი და ბიბლიოთეკარისგან.

2. სკოლის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დამფუძნებელი.

3. სკოლის დირექტორი იღეს გადაწყვეტილებას საკადრო პოლიტიკის ნაწილში, ნიშნავს სკოლის დირექციის წევრებს, პედაგოგებსა და დამხმარე პერსონალს.


მუხლი 5. სკოლის დირექტორი


1. სკოლის დირექტორი:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას;
ბ) ზედამხედველობს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს;
გ) უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით;
დ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ე) შეიმუშავებს საშტატო განრიგს, მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის შიდა-სამართლებრივი აქტების საფუძველზე ანაწილებს მოვალეობებს სკოლის ადმინისტრაციაში;
ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ პერსონალთან, პედაგოგებთან და დამხმარე პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
ზ) უფლებამოსილია მართვის ყველა რგოლს განუსაზღვროს დამატებითი უფლება-მოვალეობები;
თ) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში; ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები სკოლის სახელით, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში;
კ) განკარგავს თანხებს ერთ მოსწავლეზე გათვლილი სტანდარტული ვაუჩერით მიღებული დაფინანსებიდან და მოსწავლეთა მშობლების მიერ გადახდილი მოსწავლის სწავლების ღირებულებიდან;
ლ) უფლებამოსილია გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარებები სკოლის თანამშრომელებზე, დაუნიშნოს სტიპენდიები წარჩინებულ მოსწავლეებს;
მ) მოქმედი კანონმდებლობის, შპს ”ლამპარის” წესდებისა და ამ დებულების საფუძველზე განაგებს სკოლის ქონებას;
ნ) ხელმოწერით ადასტურებს სკოლის საფინანსო დოკუმენტებს;
ო) განიხილავს თანამშრომელთა და მოსწავლეთათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხს.
2. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებას და სააღმზრდელო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვას;
ბ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას;
გ) სკოლის მისიის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებას.


მუხლი 6. პედაგოგიური საბჭო


1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა კოლეგიური ორგანო, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობს სკოლის ყველა მასწავლებელი.

2. პედაგოგიური საბჭო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს.

3. პედაგოგიური საბჭო ქმნის საგნობრივ კათედრებს და დირექტორთან ერთად აკონტროლებს მათ მუშაობას. საჭიროების შემთხვევაში განიხილავს მათი შეერთების, გაყოფის მიზანშეწონილობის საკითხს.

4. პედაგოგიური საბჭო საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას.

5. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.


მუხლი 7. საგნობრივი კათედრები


1. სკოლაში შექმნილია ოთხი საგნობრივი კათედრა:
•  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა;
•  უცხოური ენების;
•  მატემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა;
•  სპორტისა და ესთეტიკის.
2. კათედრის წევრი არის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის კათედრაში შემავალ შესაბამის საგანს.
3. კათედრის ხელმძღვანელი აირჩევა კათედრის წევრთაგან ერთი სასწავლო წლის ვადით.
4. სასწავლო წლის განმავლობაში კათედრის სხდომა ტარდება სულ ცოტა ოთხჯერ.

მუხლი 8. მოსწავლეთა თვითმმართველობა


1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის წევრები სახელდებიან კლასების მიხედვით ყოველი სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში თითოეული კლასიდან ერთი მოსწავლის ოდენობით, რომლებიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევენ თავმჯდომარეს.

2. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სკოლის დირექტორი.

3. თავმჯდომარის გადარჩევა შესაძლებელია თვითმმართველობის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. მოსწავლეთა თვითმმართველობის შემადგენლობას ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

5. მოსწავლეთა თვითმმართველობა:

ა) შეიმუშავებს წინადადებებს და რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ.

ბ) შეიმუშავებს და წარუდგენს დირექციას მოსწავლეთა სურვილებსა და მოსაზრებებს სკოლის კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებების შესახებ და მონაწილეობს მათ შესრულებაში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.

გ) აქტიურ მონაწილეობას იღებს სასკოლო ცხოვრებაში.

მუხლი 9. მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები


1. მასწავლებელთა უფლება-მოვალეობები და თავისუფლებები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და მასწავლებელთან გაფორმებული ხელშეკრულებებით.
2. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს ხარისხიანი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა;
ბ) მოითხოვოს განმარტებები შვილის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინური ქმედებების შესახებ;
გ) მოითხოვოს შვილის პარალელურ კლასში სასწავლო წლის განმავლობაში, დასაბუთებული წერილობითი განცხადებით დირექტორის სახელზე;
დ) მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში;
ე) გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია;
ვ) ბავშვის უფლებების დარღვევისა და მასწავლებელთან შექმნილი კონფლიქტის შემთხვევაში წერილობითი განცხადებით მიმართოს კლასის ხელმძღვანელს, სკოლის დირექტორს;
ზ) გაეცნოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და შინაარსს, შეხვდეს მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის დამთავრების შემდეგ (14სთ-ის შემდეგ).
3. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას, სკოლა ვალდებულია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი.
4. მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და დაიცვას სკოლის წესდება, შინაგანაწესი და ხელშეკრულების პირობები;
ბ) დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს;
გ) სკოლის დირექციის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სკოლაში, შეუძლებლობის შემთხვევაში ტელეფონით დაუკავშირდეს;
დ) აქტიური დახმარება გაუწიოს მასწავლებლებს სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების მოწყობა-ჩატარებაში;
ე) საჭიროების შემთხვევაში იმორიგეოს სკოლაში;
ვ) ყოველდღიურად უზრუნველყოს სკოლის ფორმით, აკურატულად ჩაცმულ-დავარცხნილი, საჭირო ნივთებითა და სახელმძღვანელოებით სკოლაში დროული გამოცხადება;
ზ) წინასწარ აცნობოს დამრიგებელს მოსწავლის მიერ გაკვეთილის მოსალოდნელი გაცდენის შესახებ;
თ) სკოლისგარეშე ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობა (მუსიკა, სპორტი, მხატვრული წრეები და სხვა) არ დაამთხვიოს საგაკვეთილო პროცესს;
ი) მოსწავლის მიერ სკოლის ქონების დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს ზარალი;
კ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს კლასის დამრიგებლის მიერ ორგანიზებულ კრებებს, სკოლის სხვა აქტივობებს;
ლ) დროულად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად გადაიხადოს სწავლის საფასური.
5. მოსწავლეს უფლება აქვს:
ა) იცოდეს თავისი უფლებები და მოვალეობები;
ბ) მიიღოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი განათლება;
გ) ისარგებლოს სკოლაში არსებული სასწავლო საშუალებებით (წიგნები, თვალსაჩინოება, კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი, სპორტული ინვენტარი და სხვა).
დ) ღიად გამოთქვას თავისი აზრი;
ე) დაცული იყოს მისი პიროვნული ღირსებები;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით იქონიოს მობილური ტელეფონი, რომელსაც მოსვლისთანავე განათავსებს გადასცემს დამრიგებელს გაკვეთილების დამთავრებამდე.
6.მოსწავლე ვალდებულია:
ა) დაემორჩილოს სკოლის შინაგანაწესით დადგენილ ქცევის ნორმებს;
ბ) ხელი შეუწყოს სკოლაში მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნას;
გ) შეატყობინოს სკოლის დირექციას მის მიერ ქცევის წესების ნებისმიერი დარღვევა;
დ) გაუფრთხილდეს, არ დაკარგოს და დააბრუნოს ყველა ნივთი, რომელსაც სკოლა მას დროებით სარგებლობისათვის გადასცემს. ნივთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი;
ე) სასწავლო წლის დასასრულს სკოლას დაუბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი ყველა წიგნი;
ვ) ყოველთვის იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც უნდა წარუდგინონ სკოლაში შემოსვლის დროს სკოლის დარაჯს, მოთხოვნის შემთხვევაში სკოლის ნებისმიერ თანამშრომელს;
ზ) მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან, სხვა მოსწავლეებთან ურთიერთობაში იყოს თავაზიანი და არ მიაყენოს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფა;
თ) დაემორჩილოს სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის კანონიერ მითითებებს;
ი) დროულად გამოცხადდეს გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე;
კ) სკოლაში გამოცხადებისთანავე კლასის დამრიგებელს ჩააბაროს მობილური ტელეფონი გამორთულ მდგომარეობაში, გაკვეთილების დამთავრებამდე;
ლ) პატივი სცეს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილი პროდუქტი არ გაასაღოს თავისად;
მ) დაიცვას სისუფთავე და მონაწილეობა მიიღოს სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში.


მუხლი 10. დისციპლინა და დისციპლინურ გადაცდომებზე ზემოქმედება


1. დისციპლინური გადაცდომებისა და მათზე რეაგირების ღონისძიებათა ნუსხა განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით.
2. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

მუხლი 11. სკოლის ფინანსები
1. სკოლა საგანმანათლებლო საქმიანების წარმართვისათვის აწესებს სწავლების გადასახადს, რომლის ოდენობა განისაზღვრება მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებით.
2. ცალკეულ შემთხვევებში დგინდება სწავლის საფასურის შეღავათები:
3. სახელმწიფოს (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) მიერ ჩარიცხული ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერი გაიხარჯება მხოლოდ სასკოლო-საგანმანათლებლო მიზნებისათვის.
4. სკოლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს აგრეთვე საჩუქრად, შემოწირულობის ან გრანტით მიღებული ფინანსური სახსრები.


მუხლი 12. დასკვნითი დებულებები


1. დებულება შემუშავებულია და მოიცავს შპს ”ლამპარის” სასწავლო-საგანმანათლებლო სფეროს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლისათვის ზოგადი განათლების ღიაობასა და თანაბარ ხელმისაწვდომობას.

2. სკოლის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა შესაძლებელია შპს ”ლამპარის” დირექტორის ბრძანებით.

sakontaqto informacia


მისამართი: თბილისი, III მასივი,
კალაუბნის ქუჩა 10

ტელეფონი : 2-45-57-02; 2-45-57-08

მობილური: 599-50-17-21;

ელ-ფოსტა: lamparitamari@yahoo.com